როდესაც ტბა იყინება და წყლის დონე კლებულობს, ეკლესია ნელ-ნელა
სამზეოზე ამოდის და მარილით შეთეთრებულ ტანს იშრობს
ჩვენი სამშობლოს ბედი დაჰყოლია ამ ტაძარსაც!..
სოფელი ხადიკი თრიალეთის კალთებზე, წალკიდან სამიოდე კილომეტრშია. აქაურები წელიწადში ერთხელ ღვთის სასწაულის მოწმენი ხდებიან: ზამთრის მიწურულს სოფლის განაპირას მდებარე ტბიდან ამოიმართება ხოლმე მართლმადიდებლური ტაძარი, დღის სინათლეს იხილავს, რწმენას და იმედს შემატებს ქართველობას და მალე ისევ თვალს მიეფარება...
ჭეშმარიტად, საოცარი სახილველია რიჟრაჟზე, ყინულეთის ტყვეობიდან თავდაღწეული ეკლესია, ზამთრის იშვიათი მზის ათინათით გაბრწყინებული და დამშვენებული, დასალიერზე კი ნისლავარდნილი მთები, იდუმალებაში გარინდულნი.A ამ ადგილებში ოდითგან ჩქეფდა სიცოცხლე, რასაც აქაური ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნით დათარიღებული გორასამარხებიც მოწმობს. მერე და მერე, ისტორიულმა წიაღსვლებმა თრიალეთის კალთებს ბევრჯერ გადაუარა, ხან მშვიდობიანად, ხანაც ბედუკუღმართი ქარაშოტებით. XIX საუკუნის შუა წლებში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობაწართმეულ საქართველოში რუსული ჩექმა აბრახუნდა, არზრუმის მხრიდან ამ ადგილებში ბერძნები ჩამოასახლეს. სოფლისთვის ხადიკი სწორედ მათ დაურქმევიათ. მოგვიანებით კომუნისტებს აქ ჰესის აშენება განუზრახავთ, რამდენიმე სოფელი აუყრიათ და მოშორებით გადაუბარგებიათ. მდინარე ხრამზე (ოდინდელ ქციაზე) დაწყებულმა მშენებლობამ ნასოფლარები ქვეშ მოიყოლა. წყალმა დაფარა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესიაც.
ათეული წლები გავიდა, ტაძარი კი, გუმბათმორღვეული, განახევრებული, მაგრამ მაინც ფუძემაგრად მდგარი, ჯერაც უძლებს განსაცდელს. ზამთრობით, როდესაც ტბა იყინება და წყლის დონე შესამჩნევად კლებულობს, ეკლესია ნელ-ნელა სამზეოზე ამოდის, მარილით შეთეთრებულ ტანს იშრობს, მლოცველებს კიდევ ერთხელ ჩაიკრავს გულში, განიწმინდება, სანთლებით აიკიაფებს კედლებს და გაზაფხულის დადგომისთანავე ისევ წყლის საუფლოში ჩაესვენება, ზუსტად ისეთივე ხაზგასმული სიდინჯით, როგორითაც იცის ხოლმე ნათლის სვეტად ამომზევება...
ხადიკში ამჟამად სტიქიის გამო გადმოსახლებული სვანები და აჭარლები ცხოვრობენ, ბერძნებიც, თუმცა მხოლოდ მოხუცები. ახალგაზრდები დიდი ხანია, რაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ. სვანებმა აქაურობას გამრჯე ხელი უმალვე დაატყვეს. არც თავიანთი ტრადიციები დავიწყებიათ და წყალში ჩაძირულ ეკლესიას ერთგულ მლოცველებად დაუდგნენ. ყოველ ზამთარს, როდესაც ტაძარი ტბიდან ამოიმართება, სვანები უძველეს რიტუალს - ლამპრობას მართავენ მის კედლებთან, მიეახლებიან, სანთლებს ანთებენ და უფალს ავედრებენ სრულიად საქართველოს. ლამპრობის დღესასწაულს თავისი წარმმართველი ჰყავს. ხადიკში ამ რიტუალის გაძღოლას მალხაზ კვიციანი და სეფე თამლიანი თავობენ.
მალხაზ კვიციანი: - ბალღი ვიყავი, როდესაც პირველად დავიჭირე ხელში ლამპარი. 65 წლის ვარ უკვე და ასე მოვდივარ ლამპრით ხელში. ჩვენი დიდებული მეფე თამარი სწორედ ლამპრებით ითვლიდა, თუ რამდენი მოლაშქრე ჰყავდა სვანეთიდან. ყველა მამაკაცი, ვისაც სიარული შეუძლია, ვალდებულია, აანთოს ლამპარი და გამოვიდეს...
ლამპარს არყის ხისგან ვამზადებთ. ამაზე ასეთი თქმულება გვაქვს სვანებს: როდესაც ჩვენს მაცხოვარს - იესო ქრისტეს დევნიდნენ, არყის ხის ძირში გაჩერებულა, ხეს ტოტები გადმოუფარებია და დაუმალავს.
ლამპრობის თარიღიც ჩვენი წინაპრებიდან მოდის. ბრწყინვალე აღდგომამდე 84 დღით ადრე ვდღესასწაულობთ. საამისოდ საგანგებოდ ვემზადებით, ჯვარდასახულ პურებს ვაცხობთ, საკლავიც იკვლება, იცარს ვეძახით სვანები. აი, ამ პურს წინამძღოლი ჰქვია, მხოლოდ მე და სეფე თამლიანმა უნდა ვიხმიოთ, როგორც წინამძღოლებმა. პირველი ლამპარიც ჩვენ უნდა ავანთოთ. აი, ნახეთ, რამდენიმე ერთად არის შეკრული. ეს ერთიანი საქართველოს განსახიერებაა, დღესაც ასე უნდა შევიკრათ და მხარი მხარს მივცეთ! აბა, ავანთოთ და მივეგებოთ უფალს!
წინამძღოლის ხელში კიაფობს პირველი ლამპარი, ყველა ლოცვას აღავლენს: - ღმერთო, ასე გაანათე და გააბრწყინე საქართველო!..
კვიციანის სახლიდან მთელი სოფელი ჩანს. ყოველ ჭიშკართან ციცინათელასავით კიაფობს ლამპარი, მერე მრავლდება...
ყველა ქუდოსანი ტაძრისკენ მიემართება.
პირჯვარს ისახავს წინამძღოლი და ისე აბიჯებს ტაძრის ზღურბლზე. მიჰყვებიან სვანი ვაჟკაცებიც ქუდმოხდილნი, სანთლებს ანთებენ, ჯვარდასახულ პურებს ზეაღმართავენ...
- ოო, დიდებაა! - იწყებს წინამძღოლი...
- დიდებააა! - გუგუნებს ტაძარი...
- ღმერთო, შენ იხსენ საქართველო განსაცდელისაგან!... წმინდა გიორგი, შენი დროშა გადმოაფარე სამშობლოს ჩვენსას!..
ცრემლად იღვენთებიან ჩამოშლილ კედლებზე მიხუტებული სანთლები, მამულის დღევანდელი ბედუკუღმართობით ალშეძრულნი...
პირველი სადღეგრძელო უფლისა ისმება, მეორე - მიქაელ მთავარანგელოზის, მერე - წმინდა გიორგის.
ქართველების ერთობისასაც ამბობენ: - ერთი ფესვი გვაქვს, ერთი ლამპრით ვართ შეკრულნი და. თუ ერთად ვიდგებით, გვეშველება, თუ არა და, სათითაოდ ჩავიხარჯებით მტერმოძალებულნი... თენდება... ყინულებში გაცრილი მზის სხივებიც მალე შემოადგება აქაურობას. სვანები ტაძარს გარს უვლიან, მის კედლებს თითებით სინჯავენ და ეფერებიან: - აი, შეხედეთ, ძველქართული წარწერები აქვს ამ ქვას... აგერ, ბოლნური ჯვარია გამოსახული, ჯერაც მკაფიოდ ეტყობა, წყალს კიდევ ვერ წაუშლია კვალი... აი, ეს ქვა კი შარშან ამ დროს მთელი იყო, ახლა განახევრებულა, - ცრემლიან სიტყვებს გულსაც აყოლებენ მოლამპრენი...
ჩვენი სამშობლოს ბედი დაჰყოლია ამ ტაძარსაც!..
აი, წინაპართა საფლავებიც... ესენიც ამ ეკლესიასთან ერთად წელიწადში ერთხელ ამოდიან ტბიდან, ხავსმოკიდებულნი და ჩამოშლილნი...
სათითაოდ ჩამოუვლიან სვანები საფლავის დაშლილ ლოდებს, ზედაშეს აპკურებენ, შენდობას უთვლიან წინაპართა ძვლებს.
მალე კი ისევ წყალი დანთქავს ტაძარსაც და საფლავებსაც...
შინ დაბრუნებამდე ისევ ტაძარს მიეახლებიან, ისევ დააგუგუნებენ «ლილეოს», სტუმრებს დალოცავენ და მათ გახარებას შესთხოვენ უფალს.
- ამოდით გაისადაც. ყოველ ლამპრობაზე მეტნი ვიყოთ ქართველობა, - გვეფერებიან დამშვიდობებისას. თავად არსად წამსვლელნი არ არიან, ვერც ტაძარს მიატოვებენ და ვერც წინაპართა საფლავებს.
კერა არ უნდა ჩაქრეს ამ მიწაზეო, - გვითხრეს...
არც ჩააქრობენ, რადგან ერთგულების ფასი იციან. როცა ქვეყანას მტერი აჩანაგებდა, ქართულ განძსა და სიწმინდეებს სვანეთის მთებში გახიზნავდნენ ხოლმე ოდითგან. იმ განძიდან არასოდეს ნემსისოდენა არაფერი დაკარგულა...
ახლაც ასე ამბობენ: - სვანებს უფლისა და საქართველოსთვის არაერთხელ გაგვიწირავს თავი და კიდევ შევეწირებით, თუკი მამულს დასჭირდებაო.
წამოსვლისას ისევ ტაძარს ნანგრევებს შევავლეთ თვალი. იდგა მზის სხივებით აელვარებული ყინულეთის წიაღში. თითქოს უფრო აწეული და წელგამართული... შიგნით ისევ კიაფობდნენ ცრემლად დაღვენთილი სანთლები, გარეთ კი ყინულს ალღობდა ერთად შეკრული ლამპრების სითბო...
ზვიად სეხნიაშვილი
No comments:
Post a Comment